პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს, შერაზ გასრის შეხვდა. როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მან შერაზ გასრის ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა მისიის განხორციელებაში.
„პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და საფრანგეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30-ე წლისთავს და ყურადღება გაამახვილა დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის მნიშვნელობაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში. შეხვედრაზე საქართველოსა და საფრანგეთის პარლამენტებს შორის კავშირებსა და 2023 წელს შალვა პაპუაშვილის საფრანგეთში დაგეგმილ ოფიციალურ ვიზიტზე ისაუბრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი და მოლოდინები მიმოიხილა. შერაზ გასრიმ გამოხატა საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის მზაობა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს პროგრესის ხელშესაწყობად“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.