საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ინტრონიზაციის დღეს ზეიმობს, პატრიარქის აღსაყდრებიდან 45 წელი გავიდა. “საქართველოს პატრიარქი XX-XXI საუკუნეების გამორჩეული რელიგიური ლიდერი და საზოგადო მოღვაწეა, რომელმაც განუზომელი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დიდი პატივისცემით ულოცავს აღსაყდრების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია მეორეს. დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებთ მის უწმინდესობას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ“,- აღნიშნულია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.