საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის შემაჯამებელი დაჯილდოება გამართა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი, რომელმაც 2022 წელს მოიპოვა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ოქროს მედლები, გაიმარჯვა არაერთ საერთაშორისო ტურნირში, მათ შორის 21 დეკემბერს იერუსალიმის მასტერზე.
ვიქტორ სანეევის სახელობის სპეციალური პრიზი - ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისთვის გადაეცა ლაშა ტალახაძეს, რომელმაც მიმდინარე წელს ზედიზედ მეექვსედ მოახერხა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის მოგება.
ასევე დასახელდნენ სხვა ნომინაციებშიც გამარჯვებულები: საქართველოს 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი გახდა - ეთერ ლიპარტელიანი. საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად სპორტის სათამაშო სახეობებში - ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. საუკეთესო მწვრთნელი - კრივის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბეჟან ჭიჭინავა გახდა. ქალთა სპორტში საუკეთესო მწვრთნელი კი - ბატუტზე ხტომაში ნაკრების მწვრთნელი ზაურ სულაშვილი გამოვლინდა. ამავე სახეობიდან არის ქალებს შორის წლის აღმოჩენა ანანო აფაქიძე. ხოლო მამაკაცებში ეს პრიზი თავისუფალი ჭიდაობის წარმომადგენელ გიორგი ელბაქიძეს ერგო. საქართველოს 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენები სპორტის ზამთრის სახეობებში - კარინა საფინა/ ლუკა ბერულავა გახდნენ, რომლებიც ფიგურული ციგურაობის ფედერაციას წარმოადგენდნენ, სწორედ ამ უკანასკნელს გადაეცა საუკეთესო სპორტული ფედერაციის წოდებაც.