NASA-მ კოსმოსში ახალი თანამგზავრი გაუშვა, რომელიც დედამიწაზე არსებულ წყალს შეისწავლის. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აპარატი SWOT (Surface Water and Ocean Topography - „ზედაპირის წყლისა და ოკეანის ტოპოგრაფია“) ორბიტაზე SpaceX-ს რაკეტამ გაიყვანა.
NASA-ში განმარტავენ, რომ თანამგზავრი გაზომავს მდინარეებში, ტბებსა და ზღვებში წყლის ზუსტ სიმაღლეს, მის ფართობს. ამ მონაცემების ცვლილებების გაზომვა კი სპეციალისტებს წყალდიდობებისა და გვალვების უფრო ზუსტი პროგნოზირების საშუალებას მისცემს და კლიმატის ცვლილების უკეთ გაგებაში დაეხმარება.
დღეს მდინარეების უმეტესობის მონიტორინგი დედამიწაზე არსებული მოწყობილობებით აწარმოებენ. ამისთვის ორბიტაზე აქამდე არსებული სატელიტებით მოპოვებული ინფორმაციაც გამოყენება, თუმცა ეს თანამგზავრები კონკრეტულად ამ მიზნისთვის არ არის შექმნილი. SWOT- კი სპეციალურად სიმაღლიდან წყლის სიმაღლის გაზომვისთვის არის შემუშავებული.
SWOT-ზე NASA-ს, საფრანგეთის, კანადისა და დიდი ბრიტანეთის კოსმოსური სააგენტოების ექსპერტები მუშაობდნენ.