რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე 3 დღის წინ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე მანუჩარ გულიტაშვილი თავისუფალია. ის უკვე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი.
„ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თქმით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.
მათივე განმარტებით, ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ ძალისხმევას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.