„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის განცხადებით, ის და პარტიის სხვა წევრები პროტესტის ნიშნად შიმშილობას იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ისეთ გარემოში არ გადაიყვანენ, სადაც მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება.
როგორც დეპუტატმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, მოშიმშილეთაგან ერთ-ერთი დეპუტატი, ანი წითლიძე სუსტადაა, რის გამოც პარლამენტში მედიკოსების მისვლას ელოდებიან.
„ჩვენ ვაპირებთ, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმა გავაგრძელოთ. ანი წითლიძე არის ძალიან სუსტად. დღეს ველოდებით ექიმებს იმისთვის, რომ ანიმ დაიწყოს ის პროცედურები, რაც მისი ჯანმრთელობის გამოსწორებას სჭირდება. რაც შეეხება შიმშილობას და პროტესტის ამ ფორმას, იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ შესაბამის გარემოში, სადაც მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - აცხადებს დავით კირკიტაძე.
დავით კირკიტაძე ასევე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, სადაც ის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალო გადაყვანის აუცილებლობაზე საუბრობს.
„საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ჩვენ მუდმივად გვესმოდა, რომ ისინი უკრაინელი ხალხის გვერდით დგანან, ითვალისწინებენ ჩვენი უკრაინელი მეგობრების, პარტნიორების, ომში მყოფი სახელმწიფოს თხოვნას და ასრულებდნენ მათ თხოვნებს. გუშინ და დღეს დავდექით ფაქტის წინაშე, როდესაც ომში მყოფი ქვეყნის მთავარსარდალი ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და ვნახოთ, რა რეაგირება ექნება საქართველოს ხელისუფლებას. ისინი მართლა ითვალისწინებენ ჩვენი უკრაინელი მეგობრების და პარტნიორების თხოვნას, თუ კიდევ ერთხელ ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და უარი უთხრან უკრაინის პრეზიდენტს ამ თხოვნაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, უკრაინელი ხალხისა და უკრაინის გმირი, მამაცი მთავარსარდლისთვის. ეს განცხადებაც ამას მოწმობს“- აცხადებს კირკიტაძე.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ სამი დეპუტატი - დავით კირკიტაძე, ანი წითლიძე და თემურ ჯანაშია პარლამენტში პროტესტის ნიშნად შიმშილობას განაგრძობს. კირკიტაძე და წითლიძე მე-6 დღეა შიმშილობენ, ჯანაშია კი მე-5 დღე. ისინი პროტესტის ამ ფომით მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობისთვის გადაყვანას მოითხოვენ. შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ მოთხოვნით თავდაპირველად, 15 დეკემბერს პარლამენტში, დეპუტატებმა- ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა დაიწყეს, თუმცა აბდულა ისმაილოვმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიმშილობა შეწყვიტა. მოშიმშილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თემურ ჯანაშია 16 დეკემბრიდან შეუერთდა.