რუსეთსა და ბელარუსს შორის მჭიდრო თანამშრომლობა აღიზიანებს შეერთებულ შტატებს, რომელიც ცდილობს ორივე ქვეყნის იზოლირებას, - ამის შესახებ ნათქვამია ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ჩვენ ყურადღება მივაქციეთ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ნედ პრაისის განცხადებებს. მისი თქმით, პრეზიდენტ პუტინის სიტყვები, რომ რუსეთის ფედერაცია არ არის დაინტერესებული რომელიმე სახელმწიფო შთანთქოს, უკიდურეს ირონიას იწვევს. შემდეგ მან უბრალოდ გადაიტანა ნარატივი უკრაინაში რუსული „შეჭრის“ საყვარელ თემაზე. ასეთი განცხადებები ოფიციალური წარმომადგენლის მიერ საკავშირო სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ადმინისტრაციის დე-ფაქტო ჩარევაა“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
მისი თქმით, რუსეთსა და ბელარუსს შორის თანამშრომლობა ორი ქვეყნის მოძმე ხალხების გულწრფელ მეგობრობას ეფუძნება.
„რუსეთსა და ბელარუსს შორის ყოვლისმომცველი და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა დრომ გამოცადა და ეფუძნება ორი ქვეყნის მოძმე ხალხების გულწრფელ მეგობრობას. იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვართ კოლექტიური დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ, შეერთებული შტატების მეთაურობით, ბუნებრივი რეაქცია არის პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება. როგორც ჩანს, ეს განვითარება გაღიზიანებას იწვევს აშშ-ში, რომელიც უარს არ ამბობს რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის საერთაშორისო არენაზე იზოლაციის მცდელობებზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მათი მტკიცებით, დომინანტური პოზიციის შენარჩუნების იმედით, აშშ ცდილობს რუსეთისა და მისი მეზობლების ურთიერთობებში უთანხმოება შეიტანოს. „რა თქმა უნდა, ამის მიღწევა არავითარ შემთხვევაში არ მოხდება“, - აცხადებს რუსეთის საელჩო.
ცნობისათვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუსში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული რომელიმე სახელმწიფოს შთანთქმით. ამ განცხადებას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პუტინის სიტყვები დიდ ირონიას იწვევს.