„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა გარემო, სადაც ადამიანები თვლიან, რომ განსხვავებული პოზიციის მქონე პირზე თავდასხმის უფლება აქვთ და ამის გამო არ დაისჯებიან.
როგორც სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი კირთაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს, რომლისგანაც „ქართული ოცნება“ „მტრის ხატს“ ქმნის, ხელისუფლებას კოლეგის მიმართ მხარდამჭერი განცხადება უნდა გაეკეთებინა.
მისივე შეფასებით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა პროცესების მაღლა დადგეს და სიძულვილის ენით საუბარი შეწყდეს.
„დარწმუნებული ვარ, რომ გარემო „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა ყოველდღიურ რეჟიმში, სიძულვილით, ზიზღით საუბრის გამო და იმის გამო, რომ ჩვეულებრივი გახდა განსხვავებული აზრის გამო თავდასხმის შემთხვევები. ხელისუფლებაში, როდესაც ხარ შენი პასუხისმგებლობაა მაღლა დადგე - ისეთი გადაწყვეტილებები და ნაბიჯები გადადგა, რომ მაგალითი მისცე და გახდე ლიდერი პროცესში. როდესაც საზოგადოება ხედავს, რომ ხელისუფლება თავად ესხმის თავს სიტყვიერად, შემდეგ იმავეს აკეთებს სხვაც.
გიორგი კირთაძის შემთხვევაში, ეს არ ჰგავდა ერთი ადამიანის ინიციატივით განხორციელებულ ქმედებას. ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა. ნორმალურ ქვეყანაში ხელისუფლება ამას ძალიან მკაცრად გამოეხმაურებოდა. მიუხედავად იმისა რომ გიორგი კირთაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს, რომლისგანაც „ქართული ოცნება“ მტრის ხატს ქმნის, ხელისუფლებას მხარდამჭერი განცხადება უნდა გაეკეთებინა საკუთარი კოლეგის მიმართ. პოლიტიკოსის მიმართ, რომელიც განსაკუთრებულად გამოირჩევა იმით, რომ არასდროს საუბრობს სიძულვილის და ზიზღის ენით. ჩვენ ვერ ვნახეთ მყისიერი რეაგირება ხელისუფლების მხრიდან, ვერ იდენტიფიცირებული პირის სწრაფი დაკავება და არც იმაზე საუბარი, რომ სიძულვილის ენით საუბარი უნდა შეწყდეს. თუ მე ვსაუბრობ ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე, რატომ არ შეუძლია ისაუბროს იმაზე, რომ მათზეც არის პასუხისმგებლობა“, - განაცხადა სამნიძემ.
დეპუტატის განმარტებით, „ქართული ოცნება“ პოლარიზაციით და დაპირისპირებით საზრდოობს.
„ქართულ ოცნებას“ სჭირდება მტრის ხატი, იმისთვის, რომ საპირწონედ გამოჩნდეს და საზოგადოებას აჩვენოს - „მე თუ არა, გელით ეს“. „ქართულ ოცნებას“ ყოველ ჯერზე სჭირდება საზოგადოებას შეახსენოს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაშვებული შეცდომები და დანაშაულები, სწორედ ეს იწვევს იმას, რომ მოქალაქეებს ჰგონიათ, მათაც შეუძლიათ იმავენაირად თავს დაესხან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს“, - განაცხადა სამნიძემ.