„ნაციონალური მოძრაობის“ სამი დეპუტატი - დავით კირკიტაძე, ანი წითლიძე და თემურ ჯანაშია პარლამენტში შიმშილობას განაგრძობს. კირკიტაძე და წითლიძე პროტესტის უკიდურეს ფორმას მე-5 დღეა მიმართავენ, თემურ ჯანაშიასთვის კი დღეს შიმშილობის მე-4 დღეა.
„რაც შეგვეხება მოშიმშილეებს, საერთო სისუსტეს ვგრძნობთ, სხვა არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი და ვაგრძელებთ შიმშილობას, სანამ პრეზიდენტ სააკაშვილს არ ექნება ადეკვატური მკურნალობა“, - განუცხადა ჟურნალისტებს თემურ ჯანაშიამ.
ინფორმაციისთვის, მოშიმშილეების მთავარი მოთხოვნა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანაა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ თავდაპირველად, 15 დეკემბერს პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა - ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა დაიწყო, თუმცა აბდულა ისმაილოვმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გუშინ შიმშილობა შეწყვიტა. მოშიმშილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თემურ ჯანაშია 16 დეკემბრიდან შეუერთდა.