აზიის განვითარების ბანკმა კავკასიისა და ცენტრალური აზიის 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.9%-დან 4.8%-მდე გაზარდა. განვითარებადი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი გლობალური პროგნოზის გაუარესების ფონზე, შეამცირა. შესაბამისად რეგიონის ეკონომიკა წელს 4.2%-ით გაიზრდება, მომავალ წელს კი - 4.6%-ით.
აზიის განვითარების ბანკის თანახმად, ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება როგორც მსოფლიოს, ასევე რეგიონის მასშტაბით, რუსეთის გახანგრძლივებული საომარი მოქმედებები უკრაინაში და ჩინეთში პერიოდულად გამოცხადებული კარანტინები, აფერხებს განვითარებადი აზიის აღდგენას კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ. საფინანსო ინსტიტუტის შეფასებით, უძრავი ქონების ბაზრის სირთულეებთან ერთად,
„ნულოვანი კოვიდის“ მიდგომით გამოწვეულმა შეზღუდვებმა კიდევ ერთხელ შეამცირა ჩინეთის ზრდის პროგნოზი. ამასთან, შეფასებით, პროგნოზების შემცირების მიუხედავად, განვითარებადი აზიის რეგიონი მაინც უკეთეს მდგომარეობაში იქნება მსოფლიოს სხვა რეგიონებთან შედარებით, როგორც ზრდის, ისე ინფლაციის თვალსაზრისით.