მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთმა მაროკო ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მეოთხედ გავიდა ფინალში.
მატჩის დებიუტშივე თ. ერნანდესმა ფრანგები დააწინაურა, რამაც მაროკოელებს სტრატეგიის შეცვლა, შეტევებზე გადასვლა აიძულა.
მატჩი ორმხრივი იერიშებით მიმდინარეობდა, ჯერ ჟირუმ ისევ ვერ გამოიყენა შანსი, მერე კი ელ იამიკმა „მაკრატელათი“ დაარტყა და დეშამის გუნდი ძელმა იხსნა.
როგორც მოსალოდნელი იყო, მეორე ტაიმში თამაშისტემპმა კიდევ უფრო მოიმატა, შეხვედრა კიდევ უფრო ლამაზი სანახავი გახდა, არაბულმა გუნდმა ზეწოლა გაზარდა, მბაპეს ორი სწრაფი კონტრიერიში უშედეგოდ დასრულდა და თან კინაღამ დაშავდა, როდესაც ამრაბატმა ბურთი ვარდნაში აართვა. მაროკოელები ფლანგებიდან აგრესიულად მიიწევდნენ მოწინააღმდეგის საჯარიმოში და უხეშობასაც არ ერიდებოდნენ.
დაახლოებით 70-ე წუთისთვის მაროკოელთა შეტევები დაცხრა, ფრანგებმა მეტოქის ნახევარზე აიწიეს, რომელთა რიგებშიც ჟირუს ნაცვლად შეცვლაზე შესული ტიურამი აქტიურობდა. მეორე გოლი კი ბონოს კარში შეცვლაზე შესულმა კოლო მუანიმ ბურთზე პირველი შეხებით გაიტანა და საფრანგეთმა გაიმარჯვა.
შეგახსენებთ, 18 დეკემბერს, ტურნირის ფინალში საფრანგეთი არგენტინას დაუპირისპირდება, ხოლო 17 დეკემბერს მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს მაროკო და ხორვატია შეხვდებიან.
ცნობისთვის, . თ. ერნანდესმა ნახევარფინალებში 1958 წლის შემდეგ ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა.
უგო ლორისმა მსოფლიოს ჩემპიონატებზე მე-19 შეხვედრა ჩაატარა და ამ მაჩვენებლით მეკარეთა შორის ნოიერის რეკორდი გაიმეორა.
მაროკომ მოწინააღმდეგისგან ამ ტურნირზე პირველად გაუშვა გოლი - აქამდე აფრიკულ გუნდს მხოლოდ ავტოგოლი ჰქონდა გაშვებული.
ამასთან, ანტუან გრიზმანმა მსოფლიოს ჩემპიონატებზე ზედიზედ 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რაც ფრანგების რეკორდია.