ყველა დროის ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად აღიარებული მაიკლ ჯექსონი, რომელიც სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად და სამართლიანად დაიმსახურა და „პოპ-მუსიკის მეფის“ ტიტული, „გრემის“ 15 პრემიის მფლობელი და გინესის 25-გზის რეკორდსმენია, რადგან მისი სინგლები და ალბომები ერთ მილიარდ ეგზემპლარად გაიყიდა მთელ მსოფლიოში. ამასთანავე, მუსიკოსი ორ ვარსკვლავს ფლობს ჰოლივუდის „დიდების ხეივანში“, რომელთაგან ერთი ინდივიდუალურად, მეორე კი, ძმებთან ერთად მიიღო ჯგუფის Jackson 5-ის შემადგენლობაში.
Thriller
Thriller-მა, რომლის მსოფლიო პრემიერა 1983 წლის ნოემბრის თვეში შედგა, ნამდვილი გადატრიალება მოახდინა მუსიკალურ ინდუსტრიაში და ერთგვარ სახელმძღვანელოდ იქცა კლიპმეიკერებისთვის, რადგან ჯექსონმა ყველა მანამდე არსებული სტანდარტი დაარღვია და ტრადიციული, თრეკის თანმხლები ვიზუალური რიგის ნაცვლად მოკლე ფილმი შესთავაზა პუბლიკას, სადაც მუსიკა მხოლოდ პერფორმანსის ნაწილი აღმოჩნდა.
Thriller-ის სიუჟეტი ჯექსონმა ჯონ ლენდისის ფილმის „ამერიკელი მაქცია ლონდონში“ ნახვის შემდეგ მოიფიქრა და მასვე შესთავაზა კლიპის გადაღება, მით უფრო, რომ რეჟისორს, რომელმაც 1980 წელს მიუზიკლი „ძმები ბლუზები“ დადგა, უკვე ჰქონდა მუსიკოსებთან მუშაობის გამოცდილება. მართალია, კლიპის გადაღება ძალიან ძვირი - მთელი 500 ათასი დოლარი დაჯდა, რაც წარმოუდგენელი თანხა იყო იმ პერიოდისთვის, მაგრამ ხარჯმა გაამართლა, რადგან ლენდისმა არა უბრალოდ მოკლემეტრაჟიანი ფილმი, არამედ 14-წუთიანი მეტად უჩვეულო მუსიკალურ ჰორორი შექმნა გამართული დრამატურგიით, დასრულებული სიუჟეტითა და მრავალრიცხოვანი პერსონაჟებით.
სხვათა შორის, ჯექსონის წითელი ტყავის ქურთუკის და ჯინსის შარვლის დიზაინზე ლენდისის მეუღლემ - დებორამ იზრუნა. დიზაინერმა სპეციალურად შეირჩა წითელი ფერი, რომელმაც მეტად მომგებიანად გამოყო მუსიკოსი ნაცრისფერ კოსტიუმებში გამოწყობილი პირქუში ზომბების ფონზე, ცეკვის სცენაში კი, ბუნებრივად გაუსვა ხაზი მის ლიდერობას.
Billie Jean
კომპოზიცია Billie Jean, რომელიც პირველ რიგში ჯექსონის ვოკალური ექსპერიმენტებით გახდა საინტერესო, მუსიკოსმა თავად შექმნა და იმ ფანებს, განსაკუთრებით გოგონებს მიუძღვნა, ვინც მუდამ თან ახლდა ჯგუფს Jackson 5-ს გასტროლებზე.
სტივ ბერონთან თანამშრომლობით შექმნილმა ვიდეომ, რომლის პრემიერა 1983 წლის მარტში შედგა, წინამორბედის ბედი გაიზიარა და ერთგვარი რევოლუცია მოახდინა პოპულარული მუსიკის ისტორიაში, რადგან პირველი კლიპი გახდა აფროამერიკელის შესრულებით, რომელიც MTV-ის როტაციაში მოხვდა, მოგვიანებით კი, წლის ყველაზე გაყიდვად სინგლად დასახელდა და რამდენიმე კვირით ჩაიბარა ლიდერის პოზიცია R&B Singles-ის ჩარტში.
სხვათა შორის, ერთგვარ სავიზიტო ბარათად ქცეული moonwalk ანუ „მთვარის სიარული“, ჯექსონმა ხმისჩამწერი კომპანიის Motown Records-ის საიუბილეო კონცერტზე, სწორედ Billie Jean-ის შესრულებისას წარმოადგინა და სატელევიზიო პრემიის „ემის“ ნომინაციაც დაიმსახურა „ვარიეტეს ან მუსიკალურ პროგრამაში შესრულებული ნომრისთვის“, ერთი წელს შემდეგ კი, American Music Awards-ისა და Grammy-ის ორი პრემია მიიღო ისევ Billie Jean-ის წყალობით.
Beat it
არანაკლები პოპულარობა მოიპოვა ჰიტმა Beat it ალბომიდან Thriller. მართალია, თავიდან ვიდეო სტივ ბერონს უნდა გადაეღო, მაგრამ აშკარა სოციალური დატვირთვისა და 1980-იანი წლების ამერიკისთვის მეტად აქტუალური თემის - ახალგაზრდული ბანდების და მათი დაპირისპირებების წინა პლანზე წამოწევის სურვილით, ჯექსონმა ბევრად გამოცდილ ბობ ჯირალდის მიმართა, რომელმაც მეტად სახასიათო ვიდეო შექმნა. რეჟისორმა მაქსიმალური სიზუსტით ასახა მსხვილი ქალაქების გეტოს ყოველდღიური ცხოვრება და სუბკულტურა, მტრად ქცეული ბანდის წევრები კი, კოლექტიური ცეკვით „შეარიგა“, თუმცა მაინც მწვავე კრიტიკა დაიმსახურა, რადგან ბევრმა ფანტაზიის ნაკლებობასა და ცნობილი მიუზიკლის „ვესტსაიდის ისტორიის“ პლაგიატობაში დაადანაშაულა.
Bad
კომპოზიცია Bad, რომელიც ჯექსონის ავტორობით შეიქმნა და ამავე სახელწოდების ალბომის მეორე სინგლი გახდა, არა მხოლოდ ჰიტად იქცა, არამედ გამოსვლისთანავე მოიპოვა Billboard Hot 100-ის ლიდერობა.
18-წუთიანი ვიდეო, რომლის ბიუჯეტმა 2,2 მილიონი დოლარი შეადგინა და ყველაზე ძვირადღირებული კლიპების ნუსხაში მოხვდა, მოკლემეტრაჟიან ფილმს უფრო ჰგავს, ვიდრე ტრადიციულ მუსიკალურ კლიპს, რაც არცაა გასაკვირი, რადგან მის შექმნაზე თავად მარტინ სკორსეზემ იზრუნა, ჯექსონის პარტნიორობა კი, დებიუტანტ მსახიობს უესლი სნაიპსს ჩააბარა. ვიდეოს პრემიერა 1987 წლის აგვისტოში შედგა ტელეკომპანია CBS-ის ეთერში, მისი შემოკლებული, 4-წუთიანი ვერსია კი, რომელშიც მხოლოდ ნიუ-იორკის მეტროსადგურში დადგმული ეპიზოდი მოხვდა, მოგვიანებით გავრცელდა.
They Don't Care About Us
რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ნამდვილ მანიფესტად იქცა სინგლი They Don't Care About Us ჯექსონის მეცხრე სტუდიური ალბომიდან. აღსანიშნავია, რომ საპროტესტო სიმღერა, რომელმაც ამერიკის ორმაგი სტანდარტები ამხილა, მისი იდეოლოგია და ფასეულობები გააკრიტიკა, ტელემესვეურებმა სწორედ კლიპის გამო დაიწუნეს, რადგან პროვოკაციულმა ვიდეომ ერთის მხრივ, ციხეში დადგმული სცენები, მეორეს მხრივ, რასიზმის, პოლიციელთა თვითნებობისა და შავკანიანთა მიმართ სისასტიკის ამსახველი დოკუმენტური კადრები გააერთიანა.
მართალია, ალტერნატიული ვიდეო ჯექსონმა ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროს ფაველებში გადაიღო ცნობილ შავკანიან რეჟისორთან სპაიკ ლისთან ერთად, მაგრამ მაინც უკმაყოფილო დარჩა, რადგან ჩათვალა, რომ სიმღერის ტექსტმა სოციალური სიმწვავე დაკარგა ეგზოტიკური ფაველების ფონზე. სირთულეების მიუხედავად, კომპოზიციამ მაინც შეძლო ევროპულ ჩარტებში პოპულარობის მოპოვება, მოგვიანებით კი, საპროტესტო აქციების ერთგვარ ჰიმნად იქცა.
Earth Song
Earth Song - ჯექსონის ერთ-ერთ ყველაზე სოციალური კომპოზიციაა, რომლითაც ეკოლოგიასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე სცადა საზოგადოების ყურადღების გამახვილება. მეტად მასშტაბურმა ვიდეომ ოთხ კონტინენტი გააერთიანა, რადგან ამაზონის ტროპიკულ ტყეებში დაწყებული გადაღებები ჯერ ხორვატიაში, საომარი მოქმედებების ეპიცენტრში, მერე ტანზანიაში მასაის ტომის სოფელში გაგრძელდა და ნიუ-იორკის გარეუბანში, უორვიკის ცეცხლწაკიდებულ სიმინდის მინდორზე დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ნიკ ბრანდტის შექმნილ ვიდეოში, რომელმაც განსაკუთრებული პოპულარობა გერმანიასა და ბრიტანეთში მოიპოვა, პროფესიონალი მსახიობის ადგილობრივმა მოსახლეობამ ჩაანაცვლა.