საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2021 წლის 29 სექტემბერს გადმოკვეთა, გამოძიების ვერსიით, ის საქართველოში უკრაინიდან, სატვირთო გემ "ვილნიუის" მეშვეობით ფოთში შემოვიდა. სამართალდამცავებმა სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავეს. ბოლო ბრალდების გარდა, სამართალწარმოება ასევე გრძელდება 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლისა და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის ბრალდებებით. 2018 წელს, საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.