‘შავი ლომი’ „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბა და რაგბი ევროპის სუპერ თასის გადამწყვეტი მატჩისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე გადავიდა.ჩვენი გუნდი მაისში მოპოვებულ ტიტულს 17 დეკემბერს 16 საათზე, „ავჭალაზე“ დაიცავს და მისი მეტოქე ‘თელავივ ჰითი’ იქნება. სუპერ თასი მეორედ თამაშდება და გადამწყვეტ შეხვედრას თბილისი პირველად უმასპინძლებს. პირველი გათამაშების ფინალი ლისაბონში გაიმართა და მაშინ ‘შავმა ლომმა’ პორტუგალიური ‘ლუზიტანუში’ 17:14 დაამარცხა.
მომავალი ფინალისტები სუპერ თასის აღმოსავლეთ კონფერენციაში თამაშობდნენ და პირველ-მეორე ადგილი დაიკავეს. ‘შავმა ლომმა’ 4 თამაში მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთში მხოლოდ ნუგეშ-ქულას დასჯერდა. საგულისხმოა, რომ ფრე ქუთაისში სწორედ ‘ჰითთან’ დაფიქსირდა (25:25), ისრაელში კი მეტოქემ 24:18 იმარჯვა, თუმცა საბოლოოდ, 23 ქულით პირველ ადგილზე მაინც ‘შავი ლომი’ გავიდა, თელავიველები კი 19 ქულით მეორე ადგილს დასჯერდნენსაქართველოს ნაკრებისა და „შავი ლომის“ მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნავს, რომ ფინალურ შეხვედრას ორმაგი მოტივაციით ხვდებიან, რადგან ერთადერთი გუნდი, რომელთანაც ქართული ფრენჩაიზი დამარცხდა სწორედ ჰითი იყო, ისრაელის წარმომადგენელი ფინალში პირველად არიან და ყველაფერს გააკეთებენ ტიტულის დასაუფლებლად. მაისაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ფინალის საკუთარ მოედანზე თამაში მათთვის უპირატესობაა, თუმცა სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა ნახევარ ფინალში, როდესაც შეხვედრას ძალიან ცოტა გულშემატკივარი დაესწრო. მისი თქმით ეს არის სანაკრებო ფრენჩაიზი, რომელიც მთელ ქვეყანას წარმოადგენს და მას მხარდაჭერა ისევე ჭირდება, როგორც ნაკრებს.