სინათლე, რომელიც ჩვენამდე 13,4 მილიარდ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოდიოდა ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა დააფიქსირა. ის ამ მომენტისთვის ყველაზე შორეული გალაქტიკიდანაა, რომელიც კი ოდესმე დაგვიფიქსირებია.
სინათლე იმდენად შორეული ობიექტებიდან მოდის, რომ მაშინ სამყარო სულ ახალგაზრდა იყო. ეს ის პერიოდია, როდესაც სინათლეც კი ახალი გაჩენილია.
რაც მნიშვნელოვანია, ჯეიმს ვების სპექტროსკოპული დაკვირვებები იმდენად დეტალურია, რომ მკვლევრებს შეუძლიათ არა მხოლოდ გაზომონ მანძილი, რომელიც ამ გალაქტიკების შუქმა გაიარა, არამედ შეუძლიათ დაადგინონ გალაქტიკების მახასიათებლებიც კი.
"პირველად, ჩვენ დავაფიქსირეთ გალაქტიკები დიდი აფეთქებიდან მხოლოდ 350 მილიონი წლის შემდეგ. ინფორმაციის სიზუსტეში სრულიად დარწმუნებულები ვართ", — ამბობს ასტრონომი ბრანტ რობერტსონი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან.ეს უძველესი სამყაროს დანახვის საშუალებაა. დიდი აფეთქების შემდეგ პირველი მილიარდი წლის ჩვენებური გაგება უკიდურესად შეზღუდულია და ასეთი ადრინდელი ობიექტების შესწავლამ შეიძლება მნიშვნელოვან აღმოჩენებამდე მიგვიყვანოს.
ჩვენ გვაქვს მოდელები, რომლებიც აღწერს თუ როგორ განვითარდა ადრეული სამყარო. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ პირველი ვარსკვლავების დაბადებამდე სამყარო სავსე იყო გაუმჭვირვალე მატერიით. მაშინ სინათლე თავისუფალ ელექტრონებს ფანტავდა და გავრცელების საშუალება უბრალოდ არ იყო.
ნაწილაკები თანდათან გაერთიანდა და წარმოქმნა ნეიტრალური წყალბადი. ხოლო როდესაც ვარსკვლავებმა დაიწყეს ფორმირება, მათ წყალბადის იონიზაცია შეძლეს და სინათლეც გაჩნდა. ეს პროცესი დასრულდა სამყაროს გაჩენიდან დაახლოებით მილიარდი წლის შემდეგ.
ამ ობიექტების შუქი ძალიან სუსტია, რადგან ძალიან შორიდან მოდის. მეტიც, სამყაროს გაფართოების გამო, ის მნიშვნელოვნად გადაჭიმულია სპექტრის გრძელ, წითელ ბოლოში. ამ ფენომენს წითელი წანაცვლება ჰქვია.
თავის მხრივ, ჯეიმს ვები არის ყველაზე მძლავრი ტელესკოპი, რომელიც ოდესმე კოსმოსში გაგვიშვია. ის სპეციალიზირებულია ინფრაწითელ და ახლო ინფრაწითელ შუქზე. კოსმოსური ტელესკოპი შექმნილია სწორედ ასეთი წითელი წანაცვლებების აღმოსაჩენად.
მკვლევართა ჯგუფმა ფოკუსირება მოახდინა ოთხ გალაქტიკაზე მაღალი წითელი წანაცვლებით, რომელთაგან ორი პირველად ჰაბლმა აღმოაჩინა.
"გადამწყვეტი იყო იმის დამტკიცება, რომ ეს გალაქტიკები მართლაც ადრეული სამყაროდანაა. სამყაროს გაფართოებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ შედარებით ახლო გალაქტიკები ძალიან შორეულ გალაქტიკებად გადაიქცნენ. თუმცა, ჯეიმს ვების გამოყენებით დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გალაქტიკები ჩვენი ხედვის მხრივ ნამდვილად სამყაროს კიდესთან არიან. ეს ბევრად უფრო შორია, ვიდრე ჰაბლს შეუძლია დანახვა", — ამბობს ასტრონომი ემა კერტის-ლეიკი ჰერტფორდშირის უნივერსიტეტიდან.