შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულები საპენსიო ასაკამდე სახელმწიფოსგან პენსიის ოდენობის ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას მიიღებენ. აღნიშნულის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება უკვე გამოქვეყნდა.
როგორც დადგენილებიდან ირკვევა, შახტებსა და მაღაროებში დასაქმებული პირები, სოციალური დახმარების მიღებას შეძლებენ საპენსიო ასაკამდე 5 წლით ადრე, ანუ მამაკაცები 60 წლიდან, ხოლო ქალები 55 წლის ასაკიდან. დადგენილების მიხედვით, დახმარების მიღებას შეძლებენ მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე დასაქმებული ის პირები, რომელთაც განცხადების შეტანის მომენტისთვის აქვთ ბოლო 10 წლის განმავლობაში მუშაობის უწყვეტი სტაჟი და აგრძელებენ საქმიანობას შახტებსა და მაღაროებში ან ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ წყვეტენ შრომით ურთიერთობას.
აღსანიშნავია, რომ სოციალური დახმარების მიღება შესაძლებელი იქნება საპენსიო ასაკის მიღწევამდე, ხოლო შემდეგ შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულები ჩვეულებრივ სახელმწიფო პენსიას მიიღებენ