MMA-ის ლეგენდარულმა მსაჯმა ბიგ ჯონ მაკარტიმ WEIGHING IN-ის პოდკასტში UFC-ის გასულ ღონისძიებაზე ისაუბრა და ილია თოფურია გამოარჩია.მოგეხსენებათ, აღნიშნულ დაპირისპირებაში ქართველმა 'მატადორმა' ბრაის მიტჩელი მეორე რაუნდში დააფინიშა და UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის მე-9 ნომერი გახდა.
"ბრაის მიტჩელი ილია თოფურიასთან ბრძოლაზე თანხმობისთვის უნდა შევაქო. ამერიკელის გამძლეობამაც გამაკვირვა - რამდენიმე უძლიერესი დარტყმა მიიღო, თუმცა უკან არ იხევდა, წინ მიდიოდა და მცდელობებს აგრძელებდა. ბრაისი მაგარი ბიჭია, მაგრამ ილია თოფურია საოცარი მებრძოლია, 'მატადორს' ჩხუბი სასწაულად გამოსდის. ქართველი ძალიან კარგად ჭიდაობს, დგომში ძალიან ძლიერია, ხელებსა და ფეხებში დიდი ძალა აქვს, გრეპლინგშიც ძალიან ეფექტიანია. ვერაფერს ვიტყვი, ამ სპორტის ნამდვილი გენიოსია და მალე ქვემსუბუქი წონის ტოპ მებრძოლებს შორის იქნება.
ილიასთვის წინააღმდეგობის გაწევა არნოლდ ალენსა და მოვსარ ევლოევს შეუძლიათ. ჩემი აზრით, თოფურიას ამჟამინდელი დონე ტოპ 5-ია. წონის რეიტინგში მე-6 ადგილზე 'კორეელი ზომბია', მიყვარს იუნი, მაგრამ ილიასთან შანსი არ ექნება," - თქვა მაკარტიმ.
ცნობისთვის, ილია თოფურიამ UFC-ში 5 ბრძოლა გამართა, ბოლო 4-ში კი ფინიშით მოიგო. ქართველმა სპორტსმენმა ორგანიზაციას ტიტულზე ჩხუბი ან ბრაიან ორტეგასთან (15-3) დაპირისპირება მოითხოვა.