"მერაბ ნინიძეს მრავალმილიონიანი გერმანული (და არა მხოლოდ) აუდიტორია ჰყავს", - მეუბნება გერმანიაში მცხოვრები ქართველი ლიზა ჰაკენბროიხი და უხარია, რომ მალე ჩვენც ვიხილავთ გერმანულ სერიალს - "ექიმი ბალუზი".
ჭეშმარიტი ექიმის გულშემატკივრობას "რუსთავი 2-ის" მაყურებელი მალე დაიწყებს. აღსანიშნავია ის, რომ ქართულად ადაპტირებულ ვერსიაში, თავის გმირს, მერაბი თავად ახმოვანებს.
ერთი შეხედვით ძველმოდური ბალუზი, რომელსაც ძველმოდურად აცვია და მანქანის მარკაც შესაბამისი ჰყავს, მისადმი თანაგრძნობითა და ცოტა კომიკურადაც განგაწყობთ. მისი მსგავსი ექიმები დღეს ან ცოტანი არიან, ან საერთოდაც აღარ არსებობენ.
თავად ვარსკვლავი თავის გმირზე ასე ჰყვება:
მერაბ ნინიძე: ბალუზს მართლა ჰყავს პროტოტიპი, წარმოშობით ლიბანელი ექიმი, რომელიც ჩრდილოეთ გერმანიაში ცხოვრობს. ასეთივე მანქანა დაჰყავს. პაციენტებთან შინ მისვლისას, თავისი ფეხსაცმელები აქვს, ჩაის სვამს, ესაუბრება. ომის დროს გამოიქცა თავისი სამშობლოდან. მეც ასევე, ომის მიზეზით მომიწია საქართველოდან წამოსვლა. ჩვენი ბედი თითქოს დაემთხვა. შარშან რომ შევხვდით, თვალებზე ცრემლი ჰქონდა და ისეთი კომპლიმენტი მითხრა - შენი ყველაფერი მჯერა! შენ ბალუზის გესმისო. მე ვუთხარი, მეც წამართვეს სამშობლო თავის დროზე-მეთქი. უცებ გავუგეთ ერთმანეთს.
ამ როლზე რომ დამამტკიცეს, გამიხარდა. მანამდე ერთფეროვან, განგსტერების და აგენტების როლებს ვთამაშობდი და უცებ ექიმი, რომელსაც გული სხვა ადამიანებისთვის უძგერს, პაციენტებზე გადამკვდარია. რეჟისორი მეუბნებოდა, მერაბ, ასე მკაცრად, ასე დაძაბულად ნუ უყურებო.
მიხარია ამ კოსტიუმში შეძრომა. მესამე წელია ამ როლზე ვმუშაობ. მას უყურებენ, როგორც სამაგალითო ადამიანს. ამ კაცს თავისი სტილი აქვს. მოწესრიგებულ ადამიანს თამაშობს, მაგრამ კონტრასტია - შინაგანად ისეთი მოწესრიგებული ვერ არის. ძველისძველი მანქანა ჰყავს, თითქოს დროს ჩამორჩა...
ქართველმა ემიგრანტებმა გერმანიაში ეს სერიალი ისე აიტაცეს, როგორც რაღაც მოვლენა.
ეს როლი ჩემთვის თერაპიასავით არის. საბოლოოდ, მაინც ერთი ადამიანი მეორისთვის არსებობს. ერთმანეთის გარეშე ადამიანებს, არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. ეს სერიალია ამაზეა.