დღეს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ერთმანეთს ხორვატიისა და ბრაზილიის ნაკრები დაუპირისპირდებიან.
საფეხბურთო სამყარო აღნიშნულ დაპირისპირებაში ფავორიტად ბრაზილიის ნაკრებს ასახელებს.
ბრაზილიამ ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ 3 გოლი გაიტანა, მაგრამ მერვედფინალში სამხრეთ კორეას 30-წუთიან ინტერვალში 4 გოლი გაუტანა და ძალიან ლამაზი ფეხბურთი ითამაშა. თუმცა ზლატკო დალიჩის გუნდი პატივისცემას იმსახურებს და მის წინააღმდეგ იოლად გამარჯვება არავის გამოსდის. შეგახსენებთ, რომ ხორვატია მსოფლიოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონია, მეტიც - როდესაც ხორვატია მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფიდან გადის, ტურნირს ტოპ სამეულში აუცილებლად ასრულებს. ასე ორჯერ მოხდა - 1998 და 2018 წლებში.
ამასთან, ხორვატების ნახევარდაცვის ხაზი დიდებულად გამოიყურება - ამ ზონაში მოდრიჩს მხარს მარსელო ბროზოვიჩი და მატეო კოვაჩიჩი უმაგრებენ. რაც შეეხება შეტევას - კარგ ფორმაშია ივან პერიშიჩი. დაცვაში ხორვატიას ახალი ვარსკვლავი ჰყავს, ეს არის 20 წლის იოშკო გვარდიოლი ლაიპციგიდან, რომელსაც უკვე არაერთი ევროპული გრანდი ეპატიჟება.
აღნიშნულ ეტაპამდე მოსასვლელად ბრაზილიამ მერვედფინალში სამხრეთ კორეა იოლად დაამარცხა, რა დროსაც ხორვატიას უმძიმესი ბრძოლა გადაიტანა და აზიის კიდევ ერთ წარმომადგენელ იაპონიასთან პენალტების სერიაში გაიმარჯვა, რაც დომინიკ ლივაკოვიჩის დამსახურებაა, რომელმაც იაპონელთა შესრულებული 4 პენალტიდან 3 მოიგერია და თავისი ქვეყნის ნაკრებს მეოთხედფინალის საგზური მოუპოვა.
აღსანიშნავია, რომ ხორვატიის ნაკრებს ტრავმირებული ჰყავს მცველი იოსიპ სტანიშიჩი, მაგრამ მას არც წინა მატჩებში უთამაშია და წესით მისი შეცვლა არ გაუჭირდებათ, ხოლო ბორნა სოსამ იაპონიასთან შეხვედრა გამოტოვა, თუმცა სავარაუდოდ, ამჯერად ის სათამაშოდ მზად იქნება.
ბრაზილიის ნაკრებს ტურნირის ბოლომდე გაბრიელ ჟეზუში და ალექს ტელეში გამოაკლდებიან, ალექს სანდროს თამაში კი ჯერჯერობით საეჭვოა.
ცნობისთვის, ხორვატიისა და ბრაზილიის დაპირისპირება თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.