ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, საქართველოსა და უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს არ ცნობს და შესაბამისად, ამ დოკუმენტებით ვიზის მიღება ან შენგენის ზონაში შესვლა აკრძალული იქნება,- ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია აღნიშნული.
ევროპის საბჭოში განმარტავენ, რომ ეს გადაწყვეტილება არის პასუხი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე და ოკუპირებული რეგიონების მაცხოვრებლებისთვის რუსული საერთაშორისო პასპორტების გაცემის პრაქტიკაზე. ის ასევე წარმოადგენს პასუხს საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ ცნობის შესახებ რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებაზე.
„ამ ტერიტორიებზე გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უკვე აკრძალულია ან აკრძალვის პროცესშია. ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს საერთო მიდგომის ჩამოყალიბებას, გარე საზღვრის გამართულ ფუნქციონირებას და საერთო სავიზო პოლიტიკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფას“, - აღნიშნულია პრესრელიზში.