ინფლაცია, ცხოვრების ხარჯების ზრდა, შრომითი ემიგრაცია - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებსაც ეკონომისტები ქვეყნის ეკონომიკის ძირითად საფრთხეებად ასახელებენ. ამის შესახებ „პიემსი კვლევითი ცენტრის“ მიერ საქართველოს ეკონომიკური კლიმატის განახლებულ მიმოხილვაში წერია, რომელიც ნოემბერში მომზადდა და მასში 60 ქართველი ეკონომისტი იყო ჩართული. გამოკითხვის ფარგლებში ეკონომისტებმა საქართველოს ეკონომიკისთვის ამჟამად არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხეები შეაფასეს. გამოკითხულთა 90% ფიქრობს, რომ მაღალი ინფლაცია, ამჟამად, საქართველოს ეკონომიკას დამატებით მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხეს უქმნის, უმრავლესობამ მაღალი საფრთხის შემცველ გარემოებებად უკრაინაში რუსეთის ომი (77%) და ცხოვრების ხარჯების ზრდა (72%) დაასახელა.
ამავდროულად, რესპონდენტთა 50% მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეების იმიგრაცია საქართველოში ამჟამად საქართველოს ეკონომიკისთვის მხოლოდ დაბალ ან ძალიან დაბალ საფრთხეს წარმოადგენს. ეკონომისტთა ნახევარზე მეტი - 61% კი თვლის, რომ შრომითი ემიგრაცია საქართველოს ეკონომიკისთვის მაღალი ან ძალიან დიდი მნიშვნელობის საფრთხეა. ამის საპირისპიროდ, 11% ფიქრობს, რომ შრომითი ემიგრაცია საქართველოს ეკონომიკისთვის საფრთხეს საერთოდ არ წარმოადგენს.
მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ საქართველოში სამიზნე ინფლაცია 3%-ია, 2022 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 10.6%- ს მიაღწია. პოლიტიკის რომელი მიდგომა იქნება ყველაზე ეფექტური საქართველოში ინფლაციის დასაძლევად? - ამ კითხვის საპასუხოდ ეკონომისტებმა შეაფასეს, თუ რომელი ზომები იქნება ყველაზე ეფექტიანი საქართველოში ინფლაციის დასაძლევად. შედეგად, გამოკითხულ ეკონომისტთა 94% ფიქრობს, რომ საქართველოში ინფლაციის დაძლევაში გამკაცრებულ ფისკალურ პოლიტიკას ძალიან მაღალი, მაღალი ან სულ მცირე ზომიერი ეფექტიანობა მაინც ექნება; 89%-ს ინფლაციის დაძლევისთვის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის სჯერა. მეორე მხრივ, კი ხელფასების კონტროლი და ფასების კონტროლი ინფლაციის წინააღმდეგ არაეფექტიანი ან ძალიან დაბალი ეფექტიანობის მქონე ზომები ისე შეფასდა;
მხოლოდ 6% ფიქრობს, რომ ფასების კონტროლი შეიძლება მაღალ ეფექტიანი იყოს და არც ერთი რესპონდენტი ხელფასების კონტროლს, ინფლაციის წინააღმდეგ მაღალი ეფექტიანობის მქონე ზომად, არ მიიჩნევს. თითქმის 70% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ დამატებითი ზომების მიღება არ არის საჭირო და ზეწოლა, რომელიც ინფლაციის მაღალ დონეს იწვევს, დროთა განმავლობაში თავად დასტაბილურდება.