საქართველოს საპენსიო სააგენტოსთვის სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციებს ამჟამად “საქართველოს ბანკი” ასრულებს. როგორც საპენსიო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, აღნიშნულ ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის ივლისში გასდის, ამიტომაც ორგანიზაცია უკვე ამზადებს ახალ ტენდერს, რომლის გამოცხადებაც არსებული ხელშეკრულების ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე იგეგმება. საპენსიო სააგენტოს სპეციალიზირებული დეპოზიტარი, საპენსიო აქტივების ერთადერთი დეპოზიტარია, რომელიც უზრუნველყოფს საპენსიო სააგენტოს აქტივების საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისობაში აღრიცხვას და შენახვას.
2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო ფონდში სულ 2 მლრდ 870 მლნ ლარია განთავსებული, რაც მილიონ 300 ათასი დასაქმებულის საპენსიო დანაზოგს წარმოადგენს. საპენსიო აქტივები განაწილებულია სხვადასხვა ქართულ კომერციულ ბანკში, საქართველოს და უცხოურ სახაზინო ფასიან ქაღალდებსა და საერთაშორისო აქციებში. კონკრეტულად: 65.4% განთავსებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან დეპოზიტებში, 3.5% სარგებლიან ანგარიშებში, 8.0% საერთაშორისო აქციებში, 13.5% ქართულ სახელმწიფო სახაზინო ფასიან ქაღალდებში, 8.7% აშშ-ის სახაზინო ვალდებულებებში და 0.9% ევროობლიგაციებში.