21 წლის პიანისტი, სანდრო გეგეჭკორი სოციალური ქსელით, გულშემატკივრებს სასიხარულო ინფორმაციას უზიარებს:
"მეგობრებო! დღეს ჩემს ცხოვრებაში უდიდესი რამ მოხდა. გავხდი ესპანური ძალიან მნიშვნელოვანი და პრესტიჟული საკონცერტო მენეჯმენტ-სააგენტოს არტისტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მეყოლება პირადი აგენტი, რომელიც დაგეგმავს ჩემს კონცერტებს მსოფლიოს მასშტაბით. დიდი მადლობა", - წერს ახალგაზრდა პიანისტი ფეისბუქზე.
სანდრო "პრაიმტაიმის" მკითხველს ემოციებს უზიარებს.
სანდრო გეგეჭკორი: - პირველად ამ ქალბატონმა მადრიდში მომისმინა, აღფრთოვანდა და მაშინ მოლაპარაკება დავიწყეთ. შემდეგ ბილბაოში რომ ვიყავი, მიმიწვია სააგენტოში და ბიოგრაფიის გაგზავნა მთხოვა. დღეს მომწერეს, რომ მიმიღეს სააგენტოში. ორ წლიანი კონტრაქტია. შეზღუდვა არ მაქვს, სხვა კონცერტებზეც დავუკრავ. ძალიან გამიხარდა. თუმცა შარშან მარია კანალსის კონკურსში მონაწილეობა იმხელა მოვლენა იყო ჩემთვის, არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, ეს რომ გადაფაროს. ჯერჯერობით ასეა, შემდეგ ვნახოთ. ივნისში კოსტა ბრავაზე სიდი უნდა ჩავწერო. მანამდე კონცერტებია გაწერილი - თებერვალში ბარსელონაში, შემდეგ კანარის კუნძულები... ვნახოთ, ეს სააგენტო რა კონცერტებს დამიგეგმავს. თბილისშიც მინდა ერთი კონცერტის გაკეთება.
მოკლედ, როცა იღბალი გიღიმის, შენც უნდა გაუღიმო. თორემ ერთხელ თუ შეაქციე ზურგი, აღარასოდეს აღარ გაგიღიმებს. უნდა დააფასო...
„ამ კონკურსში გამარჯვება ნიშნავს, რომ მომენტალურად საერთაშორისო მასშტაბის პიანისტი ხდები" - ამბობს სანდრო.