კვირას, 11 დეკემბერს ბრაის მიტჩელთან (15-0) გასამართი ბრძოლის წინ ილია თოფურიამ (12-0) UFC-ის ვლოგების სერიაში მომავალი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა და ჩხუბზე საკუთარი პროგნოზიც გააკეთა.
ილია კარიერაში მე-13, ხოლო UFC-ში მე-5 ბრძოლას გამართავს. უკანასკნელ სამ ჩხუბში ‘მატადორმა’ ოპონენტები ნოკაუტში გაგზავნა.
მომავალ მეტოქეზე საუბრისას, თოფურიამ აღნიშნა, რომ რთული ბრძოლა მელოდება, რადგან მისი მოწინააღმდეგე დაუმარცხებელი უმიზეზოდ არ არის. მიუხედავად ამისა, ქართველი მებრძოლი დარწმუნებულია, რომ ყველა კომპონენტში მიტჩელზე უკეთესია. თოფურიას თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, ბრძოლა დგომში გაიმართება თუ პარტერში - ის მორიგი გამარჯვების მოსაპოვებლად მზადაა. ქართველმა ასევე აღნიშნა, რომ ოქტაგონზე მსაჯების გადაწყვეტილებით მოსაგებად არასდროს გადის და ყოველთვის მეტოქის დაფინიშებაზე ფიქრობს - მეტიც, თოფურია დარწმუნებულია, რომ ამ მოწინააღმდეგესაც ვადამდელად დაამარცხებს. როგორც თოფურიამ აღნიშნა, წესით, ძალიან სანახაობრივი ჩხუბი იქნება და ვიღაც დაუმარცხებლის სტატუს დაკარგავს და ეს თვითონ არ იქნება.
ცნობისთვის, ილიასა და ბრაისის ჩხუბი კვირას, 11 დეკემბრის გამთენიისას გაიმართება. დაპირისპირება თბილისის დროით დაახლოებით 07:00 საათზე დაიწყება და ღონისძიების მთავარ ქარდს გახსნის.
საღამოზე გაიმართება სატიტულო ბრძოლა ნახევრადმძიმე წონაში - ქამრის მოსაპოვებლად იან ბლახოვიჩი და მაგომედ ანკალაევი იჩხუბებენ.