საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები იერუსალიმის მასტერსზე უძლიერესი შემადგენლობით წარსდგება. ტურნირი ისრაელის ქალაქში 20-დან 22 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.
გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლაშა გუჯეჯიანის გადაწყვეტილებით, 2022 წლის ბოლო შეჯიბრზე 14 ძიუდოისტი წავა და მათ შორის, ფაქტობრივად ყველა ლიდერი იქნება.
განსაკუთრებით დატვირთული 90 და 100 კგ-მდე წონითი კატეგორიებია, სადაც ჯამში 7 ქართველი ძიუდოისტი გამოვა. ამას გარდა, 2 წარმომადგენელი გვეყოლება ქალებში ეთერ ლიპარტელიანისა და სოფიო სომხიშვილის სახით.
60 კგ-ში იჭიდავებენ გიორგი სარდალაშვილი და თემურ ნოზაძე, 66 კგ-ში ვაჟა მარგველაშვილი, 73 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებენ ლაშა შავდათუაშვილი და გიორგი ტერაშვილი, 81 კგ-ში ტატო გრიგალაშვილი, 90 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე და ბექა ღვინიაშვილი, 100 კგ-ში იჭიდავებენ ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე, გიორგი ბერიაშვილი და ონისე სანებლიძე, ხოლო მძიმე წონაში საქართველოს ღირსებას გურამ თუშიშვილი დაიცავს.
შეგახსენებთ, რომ შარშან მასტერსი კატარის დედაქალაქ დოჰაში ჩატარდა და საქართველოს ნაკრების მონაგარი 5 მედალი იყო. ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი გახდნენ, ბექა ღვინიაშვილმა ვერცხლი მოიპოვა, ვაჟა მარგველაშვილი და ლაშა ბექაური კი ბრინჯაოებს დაეუფლნენ.