„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ მონახულებაზე უარი უთხრა.
მისივე თქმით, ის, რომ მას, პარლამენტის წევრს, სააკაშვილის ნახვაზე უარი უთხრეს, ადასტურებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და სიმართლე დამალოს.
ვაშაძის განცხადებით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ამას სამედიცინო კვლევებიც ადასტურებს.
„ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ არათუ უმჯობესდება, არამედ ყოველდღიურად მძიმდება. შესაბამისად, სუფთა ადამიანურად ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე ჩემი ამოცანა იყო, რომ მინდოდა გულწრფელად მენახა სააკაშვილი. ერთი მხრივ, გამემხნევებინა, მერე მხრივ პირადად მენახა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამ მიზნით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მივმართე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სააკაშვილის მონახულებაზე უარი მითხრა. ჩემთვის ეს კიდევ დამადასტურებელი ფაქტია, რომ ყველაფერს აკეთებს „ქართული ოცნება“, საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, დამალოს სიმართლე რაც არის,“ - განაცხადა ვაშაძემ.
მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ წარმომადგენლების მხრიდან ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებიდან ჩანს, რომ მმართველი გუნდი წინასწარ ამზადებს საზოგადოებას, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარი სიცოცხლის მოსპობაში დაადანაშაულონ.
„გაცილებით უფრო საგანგაშოდ მივიჩნევ ბოლო დღეებში მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომ თითქოსდა მიზანმიმართულად თვითდაზიანებას აქვს ადგილი სააკაშვილის მხრიდან. ძალიან ჰგავს ეს სცენარი ზვიად გამსახურდიას გარშემო განვითარებულ სცენარს, როცა ადამიანი მოკლეს და დღეს ისიც კი არ ვიცით, ვინ გაისროლა ის ტყვია. მაშინ ეს რუსულმა სპეცსამსახურებმა დაგეგმეს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, რა განცხადებებსაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, ფაქტობრივად ეს არის წინასწარ მომზადება საზოგადოების, რომ თუ მძიმე შედეგით დასრულდა, ასეთ შემთხვევაში თვითონ სააკაშვილი დაადანაშაულონ საკუთარი სიცოცხლის მოსპობაში. ეს არის რეალურად. ამას შეგვიძლია დავარქვათ ტყვიის გარეშე მკვლელობის სცენარი, რომელიც ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს,“ - განაცხადა ვაშაძემ.