ნარინჯისფერი რთველი აქტიურ ფაზაშია შესული. არახელსაყრელი ამინდის გამო ფერმერებმა მოსავლის აღება შედარებით გვიან დაიწყეს. მანდარინის მოსავალი წელს შარშანდელზე ნაკლებია, პროგნოზი 40-45 ათასი ტონაა. მოსავლის კლებასთან ერთად ექსპორტიორები ფასების მატებაზე საუბრობენ.
როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რეგიონში მანდარინის მოსავლის დაახლოებით 30-40% ამ დროისთვის აღებულია და რთველი მომდევნო 20 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ნოემბრის პირველ ნახევარში მოკრეფილი მანდარინის ფასი კილოგრამზე დაახლოებით 2 ლარი იყო.
ფერმერები დაბალ მოსავალს ძირითადად 2022 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში არახელსაყრელ კლიმატურ პირობებს უკავშირებენ, მათი თქმით, მოსავალზე უარყოფითად იმოქმედა გაზაფხულზე წვიმიანმა ამინდმა და ზაფხულის ხანგრძლივმა გვალვამ. 25 ოქტომბრიდან აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი ფუნქციონირებს, რომელიც ფერმერებს ციტრუსის რეალიზაციაში ეხმარება. ტრადიციულ საექსპორტო ბაზრებზე 1000 ტონამდე მანდარინი გავიდა. საექსპორტო მანდარინის შესყიდვის ფასები კი 80 თეთრიდან -1 ლარამდე მერყეობს.
ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში 57 ათას ტონაზე მეტი მანდარინი მოიწიეს.