მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში ტურნირის ორი გამორჩეული ნაკრები დაუპირისპირდა ერთმანეთს, ერთის მხრივ ერთ-ერთი ფავორიტი ბრაზილია, ხოლო მეორეს მხივ სენსაციური გამარჯვების შემოქმედი სამხრეთ კორეა, თუმცა სამხრეთ ამერიკელების უპირატესობა მატჩის დასაწყისშივე აშკარა გახდა. მე- 7 წუთზე ვინისიუს ჟურნიორმა ანგარიში გახსნა და მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა. მე-13 წუთზე სამხრეთ კორეელებმა საკთარ საჯარიმოში თამაშის წესები დაარღვიეს და მათი კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომლის გამოყენებაც ტრავმიდან დაბრუნებულმა ნეიმარმა ზუსტად შეძლო და აზიელების მდოგმარეობა კიდევ უფრო მეტად დაამძიმა. ამის შემდეგ თავისი შანსი სამხრეთ კორეასაც ჰქონდა, თუმცა ალისონმა მეტოქეს აჯობა. 29-ე წუთზე, კუთხურიდან გათამაშების შემდეგ ბრაზილიელებმა ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო კომბინაციური გოლი გაიტანეს, თავი ამჯერად რიჩარლისონმა გამოიჩინა. 7 წუთში, ვინისიუს ჟურნიორი ფლანგზე კარგად აჩქარდა, საჯარიმოში შესვლის შემდეგ, გამოზომილი გადაცემა პაკეტას მიმართულებით გაგზავნა, რომელმაც დარტყმა შესანიშნავად შეასრულა და პირველ ტაიმში ბრაზილიის უპირატესობა კოლოსალური გახდა.
მეორე ტაიმში ბრაზილიელები დიდად მეტოქის კარს აღარ ემუქრებოდნენ, თუმცა მთლიან შეხვედრას აკონტროლებდნენ, სამხრეთ კორეელები კი გამალებით ცდილობდნენ გოლის გატანას, მაგრამ ალისონი შესანიშნავად თამაშობდა. 76-ე წუთზე კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ საჯარიმოდან ბურთი კაზემირომ გამოიტანა, გადმოვარდნილ ბურთზე კი პირველი სეუნ-ჰო-პაიკი იყო, რომელმაც საკმაოდ ძლიერად დაარტყა და პრესტიჟის გოლიც გაიტანა თავისი ნაკრებისთვის. საბოლოოდ შეხვედრა ბრაზილიის გამარჯვებით 4-1 დასრულდა. სამხრეთ ამერიკელები ¼ ფინალში ხორვატიას დაუპირისპირდებიან.