მოდის ქართველი დიზაინერი და ცნობილი ბრენდის, Balenciaga-ის, შემოქმედებითი ხელმძღვანელი დემნა ბოლოდროინდელ გახმაურებულ სკანდალს ეხმაურება და პრობლემური კამპანიის გამო ბოდიშს იხდის. დიზაინერმა განცხადება საკუთარ ინსტაგრამგვერდზე გაავრცელა.
"მინდა, პირადად მოვიბოდიშო არასწორი შემოქმედებითი გადაწყვეტილების მიღების გამო - საჩუქრების კამპანიის კონცეფციაში ბავშვების მონაწილეობისთვის. საკუთარ პასუხისმგებლობას ვიაზრებ. შეუსაბამო იყო ბავშვების მიერ იმ ნივთების პოპულარიზაცია, რომელთაც მათთან საერთო არაფერი აქვთ. რამდენადაც მე ხანდახან ვცდილობ, ჩემი შემოქმედებით რაიმეზე დაფიქრებისკენ მოვუწოდო ადამიანებს, გამიზნულად ამას არასდროს გავაკეთებდი ისეთი საშინელი თემით, რასაც ბავშვზე ძალადობა ჰქვია - ამას ვგმობ. მორჩა. მე ამისგან უნდა ვისწავლო. უნდა მოვუსმინო და დავუკავშირდე ბავშვთა დაცვის ორგანიზაციებს, რათა გავიგო, როგორ შემიძლია მათ დავეხმარო ამ შემზარავ პრობლემასთან გამკლავებაში.
ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც თავი შეურაცხყოფილად იგრძნო კამპანიის გამო. ბალენსიაგა უზრუნველყოფს, რომ არა მხოლოდ სათანადო ზომები იქნას მიღებული სამომავლოდ მსგავსი შეცდომის თავიდან ასაცილებლად, არამედ, რითაც შეგვიძლია, ვიზრუნოთ კიდეც ბავშვთა კეთილდღეობის დაცვაზე", - აცხადებს დემნა.
ბალენსიაგა კრიტიკის ქარცეცხლში მას შემდეგ გაეხვა, რაც ბრენდის სადღესასწაულო კამპანიის ფოტოები გავრცელდა. საჩუქრების მაღაზიის კამპანიაში ბავშვები სათამაშო დათვის ჩანთებთან ერთად მონაწილეობდნენ, ხოლო დათვებს ბადიანი მაისურები და ტყავის აღჭურვილობა ეცვათ, რაც ბევრისთვის სექსთან და სექსუალურ ფანტაზიებთან ასოცირდება. ამასთან, კამპანიის ერთ-ერთი ფოტოს ფონად "ბავშვთა ვირტუალური პორნოგრაფიის" შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების დოკუმენტიც ჩანდა.