საქართველოში გაზრდილი მიგრანტების ფონზე "საპოლიციო გამოსახლების წესის" აღდგენის შესახებ კითხვები სულ უფრო ხშირად ისმის. შეგახსენებთ, რომ 2015 წლამდე უძრავ ქონებაში უკანონოდ მყოფი ან შეჭრილი პირის გამოყვანა პოლიციის ძალით იყო შესაძლებელი; 2016 წლიდან კი, პირის საცხოვრებელი ფართიდან გამოყვანა/გამოსახლება მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღსრულების პოლიციის მიერაა შესაძლებელი.
უძრავი ქონების ექსპერტები და იურისტები ჯერ კიდევ 6 წლის წინ საუბრობდნენ, აღნიშნული რეგულაციის გაუქმების შედეგად იმ გამოწვევებსა და რისკებზე, რომლებიც უძრავი ქონების მესაკუთრეებს შეექმნებოდათ და არა მხოლოდ მათ, ასევე ნეგატიურად აისახებოდა სამოქალაქო ბრუნვის ეფექტურობასა და მის მონაწილეთა მდგომარეობაზე. რადგან, ,,საპოლიციო გამოსახლების წესის“ გაუქმების შედეგად, პოტენციურ მყიდველებს სასამართლოსთვის მიმართვა და ხანგრძლივ ბიუროკრატიულ პროცესებში ჩართვა უწევთ აუქციონზე შეძენილი ქონების უცხო პირებისგან განთავისუფლების მიზნით.
"საპოლიციო გამოსახლების წესის“ გაუქმების ნეგატიური შედეგები საკმაოდ დიდ გამოწვევად იქცა ქვეყანაში. იურისტებს კონკრეტული მაგალითებიც მოჰყავთ, და არც თუ მცირე რაოდენობით არის ის შემთხვევები, როდესაც პირები ქირაობენ ბინას ან კომერციულ ფართს, შემდეგ არ იხდიან ქირის ფულს, მაგრამ არც უძრავ ქონებას ტოვებენ; კანონიერ მესაკუთრეს კი არ აქვს ბერკეტი, რომ კუთვნილი ქონება ოპერატიულად დაიბრუნოს, ეს მხოლოდ სასამართლოს გზითაა შესაძლებელი, სადაც საქმის წარმოება ხშირად წლების განმავლობაში ჭიანურდება.
გარდა საკუთრების უფლების დაცვისა, კიდევ ერთი გამოწვევა, რასაც ამჯერად უკვე არა ბინის მფლობელები, არამედ პოტენციური მყიდველები აწყდებიან, არის ის რომ, ხშირად ორგანიზაციებს აქვთ ფარული დავალიანებები, რომელიც არ ჩანს, ამაზე წვდომა მომხმარებელს არ აქვს. შესაბამისად, მშენებარე კომპანიისგან შეძენის შემთხვევაში, სამშენებლო კომპანიის მთლიანი ვალდებულება ფიზიკურ პირებზე გადმოდის.
რა უნდა გავითვალისწინოთ უძრავი ქონების შეძენისას, რომ დაზარალებული არ აღმოვაჩნდეთ - "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია იურისტი ლევან მახარაშვილი