სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 723.3 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6.7 პროცენტით მეტია. დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი კი 1 714.2 ლარს გაუტოლდა.
როგორც საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.5 პროცენტი ქალია, ხოლო 57.5 პროცენტი - კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42.2 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.5 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 35.3 პროცენტი - მცირე ბიზნესზე
ამასთან, 2022 წლის III კვარტალში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 683.1 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.5 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 3 579.8 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.7 პროცენტით მეტი).
საქსტატის ინფორმაციითვე, 2022 წლის III კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 714.2 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 258.7 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 317.7 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 174.2 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 794.4 ლარი; საშუალო ბიზნესი – 1 955.2 ლარი; მცირე ბიზნესი – 1 420.4 ლარი.