ქართული ფრენჩაიზი შავი ლომი რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალში გავიდა. ქართველმა მორაგბეებმა ესპანურ „იბერიანსთან“ ლელო არ გაუშვეს, თავად კი ბურთის დამიწება 6-ჯერ მოახერხეს და დიდი ანგარიშით 41:9 მოიგეს.
შავმა ლომმა პირველი ტაიმი ანგარიშით 10:6 მოიგო. გრეგ დაიერის ჯარიმა ლუკა მატკავამ გაქვითა, სტუმრები არეკნით კაპიტანმა ტომას კარიომ დააწინაურა, 29-ე წუთზე კი თამაშის პირველი ლელოც ვიხილეთ. სტუმართა ხუთმეტრიანში გადაგდებულ ბურთს კარგი აუტი მოჰყვა, რამდენიმე მიძალების შემდეგ კი, მიზანს ნოდარ ჭეიშვილმა მიაღწია. გარდასახვა ზუსტად მატკავამ შეასრულა.
შესვენების შემდეგ, კარიომ ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, რასაც შავი ლომის შეტევები მოჰყვა და კიდევ ერთი ლელო ვიხილეთ. ესპანელებმა მასპინძელთა პირველი მოლი ჯარიმით ჩააქციეს, მეორეს კი ვერაფერი მოუხერხეს და ბურთი შალვა მამუკაშვილმა დაამიწა. მატკავას გარდასახვა ამჯერად არაზუსტი იყო.
ქართულმა ფრენჩაიზმა უპირატესობა 57-ე წუთზე გაზარდა, როდესაც კონტრშეტევა წამოიწყო, მატჩის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშე ოთარ ლაშხმა მორიგი ჩინებული რეიდი მოაწყო, გადაკიდებული ბურთი კი, საბოლოო ჯამში, აკაკი ტაბუცაძეს მიუვიდა და ბორჯღალოსანთა მელელოვე ვერავინ შეაჩერა. მატკავამ გარდასახვა შეაგდო და ტაბლოზე 22:9 დააფიქსირა.
მატჩის ბოლოს კი, ტაბუცაძემ მორიგი გარღვევა მოაწყო, ჰეთ-თრიკი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 41:9.
ფინალში „შავი ლომი“ ისრაელის წარმომადგენელ თელ ავივ ჰითს შეხვდება. ამ გუნდმა პორტუგალიაში „ლუზიტანოსი“ ანგარიშით 30:22 დაამარცხა.
ცნობისთვის, რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალი 17 დეკემბერს თბილისში, ავჭალის სარაგბო სტადიონზე გაიმართება.