დედაქალაქში 550-ზე მეტი სპეციალური ადგილი განისაზღვრა, რომელიც სამეწარმეო და მიწოდების სერვისისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკინგს დაეთმობა. კახა კალაძის თქმით, ინიციატივა სადისტრიბუციო ავტომანქანების გამო სხვა ავტომობილების გადაადგილების შეფერხების პრობლემას მოაგვარებს.
დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია ამბობს, რომ საპარკინგე ადგილების არ არსებობის გამო დისტრიბუტორებს პარკირების წესების დარღვევა უწევთ, რის გამოც ყოველთვიურად რამდენიმე ათასი ლარის ჯარიმა იწერება. მისი თქმით, პრობლემა მას შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა, რაც პარკირების წესის დარღვევის გამო ჯარიმები გაიზარდა.გაზრდილი ჯარიმების ფონზე კი ერთ-ერთ კომპანიას პარკირების წესების დარღვევის გამო თვეში 7000 ლარამდე ჯარიმა მიუვიდა.
ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, ქალაქში 550 საპარკინგე ადგილის გამოყოფა გარკვეულწილად მოაგვარებს პრობლემებს, თუმცა ივა ჭყონია თვლის, რომ ეს საკმარისი არ არის. მისი თქმით, ასოციაციამ მერიას ამ მიმართულებით არსებული პრობლემური უბნების ჩამონათვალი კი მიაწოდა, თუმცა სად გაჩნდება დისტრიბუციის მანქანებისთვის საპარკინგე არეალები, ჯერ უცნობია. მისივე განმარტებით, პრობლემის სრულად აღმოსაფხვრელად საჭიროა დამატებითი ღონისძიებების გატარება.