გორში, საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიის კუთვნილ 21 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურთან 5 მგვტ სიმძლავრის მზის სადგური აშენდება და ელექტროენერგიის გამომუშავებას შეავსებს ქარის დაბალი სიჩქარის პერიოდში, - ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის განცხადებით, "ჰიბრიდული ტიპის ელექტროსადგურის მშენებლობა კარგია ერთი მხრივ იმიტომ, რომ განახლებადი ენერგიები დაემატება ქვეყანას,ჰიდრორესურსების ეფექტური გამოყენება, ახალი ჰიდროელექტროსადგურების, ქარისა და მზის სადგურების და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრად ენერგეტიკულ განვითარებას და ენერგეტიკულ უსაფრთხოება, ხოლო მეორე მხრივ, ისეთი ტიპის ელექტროსადგურების პოპულარიზებას უწყებს ხელს, რომლებიც ევროპაში საკმაოდ გავრცელებულია. მისივე თქმით, ელექტროენერგეტიკა ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს სოციალურ სფეროსა და ქვეყნის მოსახლეობაზე. ამასთან, ბიზნეს სექტორის უსაფრთხო, სუფთა და ხელმისაწვდომი ენერგიით უზრუნველყოფა მზარდი მოხმარების გათვალისწინებით, ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ ძირითადი წინაპირობაა.
საპილოტე პროექტის განვითარებისთვის USAID ტექნიკურ და საკონსულტაციო დახმარებას გაუწევს საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიას. ამასთანავე, ორივე მხარე ხელს შეუწყობს პოტენციური პროექტების განვითარებას, რომლებიც კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდით მოიზიდავს ინვესტიციებს საქართველოს განახლებად ენერგიაში.