ლეგენდარული ტილდა სუინტონი ახალი ფილმით გვიბრუნდება. მსახიობი მთავარ როლს ასრულებს ბრიტანელი რეჟისორის, ჯოანა ჰოგის, ახალ გოთიკურ ფილმში მარადიული შვილი (The Eternal Daughter). აღსანიშნავია, რომ ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი მარტინ სკორსეზეა, კინოსურათის პრემიერა კი უკვე შედგა ვენეციის კინოფესტივალზე, სადაც მან დიდი მოწონება დაიმსახურა.
მარადიული შვილი ხელოვანსა და მის ხანდაზმულ დედაზე მოგვითხრობს, რომლებიც თავიანთ ყოფილ საგვარეულო სახლში ბრუნდებიან. ეს საიდუმლოებებით მოცული სახლი კი, რომელიც ამასობაში სასტუმროდ ქცეულა, მისტიკურ ბინადრებს დაუკავებიათ.
კინოსურათის გადაღებები კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, უელსში მიმდინარეობდა. აღსანიშნავია ის ამბავიც, რომ სუინტონი ნამუშევარში ერთდროულად ორ როლს ასრულებს — განასახიერებს შვილსაც და დედასაც.
როცა ფილმს ისეთი სახელები უკავშირდება, როგორებიც სუინტონი და სკორსეზეა, ეს ალბათ ისედაც მეტყველებს უკვე ბევრ რამეზე. თუმცა, საინტერესოა ისიც, რომ კინოკრიტიკოსთა ფორუმზე Rotten Tomatoes მარადიულმა შვილმა 96%-იანი მოწონება დაიმსახურა. თანაც, თუ გავითვალისწინებთ, ბრიტანეთში რამხელა და როგორი ტრადიციაა გოთიკური და მოჩვენებების ამბების მოყოლისა, ფილმისადმი მოლოდინი ერთიორად მძაფრდება.ეს მოლოდინი კი სულ მალე დასრულდება. მარადიულ შვილს მაყურებელი 2 დეკემბერს იხილავს