აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მზად არის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ესაუბროს, თუ ის დაინტერესებულია უკრაინაში ომის დასრულებით.
მისი თქმით, პუტინთან მოლაპარაკებებს მხოლოდ ნატო-ს მოკავშირეებთან კონსულტაციით გამართავს.
„ბატონ პუტინთან დაკავშირების გეგმა არ მაქვს, მაგრამ მზად ვარ ბატონ პუტინთან სასაუბროდ, თუ ის რეალურადაა დაინტერესებული ომის დასრულების გზის გამოძებნით. მას ეს ჯერ არ გაუკეთებია“, - განაცხადა ბაიდენმა ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, უკრაინის ომის დასრულება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პუტინი ქვეყნის ტერიტორიიდან ჯარებს გაიყვანს.
„ეს ომი შეიძლება დასრულდეს ერთი რაციონალური გზით - თუ პუტინი გაიყვანს ჯარებს უკრაინიდან. როგორც ჩანს, ის ამას არ აპირებს. ის ძალიან მძიმე ფასს იხდის ამისთვის“, - აღნიშნა ბაიდენმა.