29 ნოემბერს კატარის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო, მესამე ტურის მატჩები გაიმართა, სათამაშო დღე A ჯგუფის შეხვედრებით დაიწყო – ნიდერლანდების ნაკრები ტურნირის მასპინძელ კატარს დაუპირისპირდა და 2:0 სძლია. აზიელები წინა ორი შეხვედრიდან ორივეში დამარცხდნენ და ამ მატჩამდე ჯგუფიდან გასვლის ყველანაირი შანსი დაკარგული ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, საშინაო კედლებში მუნდიალის უქულოდ დასრულება არ სურდათ, შესაბამისად მათთვის ეს მატჩი მნიშვნელოვანი იყო.
შეხვედრა, რა თქმა უნდა, ჰოლანდიელთა უპირატესობით დაიწყო და პირველ ტაიმში არაერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა, 26-ე წუთზე, ტურნირის ერთ-ერთმა აღმოჩენამ, კოდი გაკპომ ანგარიში გახსნა – მის ანგარიშზე მიმდინარე მუნდიალზე სამი გოლია.
მეორე ტაიმის დასაწყისში დე იონგმა უპირატესობა ორამდე გაზარდა – კლაასენის ჩაწოდების შემდეგ, კარში მემფის დეპაიმ დაარტყა, ბურთი მეკარემ მოიგერია, მაგრამ „ბარსელონას“ ნახევარმცველმა დამატებაზე გაიტანა.
A ჯგუფის მეორე შეხვედრა უფრო მეტ ინტერესს იწვევდა – ეკვადორის ნაკრები, რომელსაც 4 ქულა ჰქონდა სენეგალს შეხვდა – აფრიკელებს 3 ქულა ჰქონდათ მოპოვებული და ამ მატჩში მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ. დაძაბული მატჩი, საბოლოო ჯამში, სენეგალის ნაკრების მოგებით დასრულდა 2:1.
პირველი ტაიმი სენეგალმა აქტიურად დაიწყო და მეტოქეს შექმნილი სახიფათო მომენტებით აშკარად სჯობდა – აფრიკელებმა ეკვადორის კარში ოთხჯერ დაარტყეს. პირველი ნახევრის მიწურულს ისმაილა სარის წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა, რომელიც მან თავად შეასრულა და თავისი გუნდი დააწინაურა.
მეორე ტაიმი თანაბრად მიმდინარეობდა და 68-ე წუთზე კაისედომ წონასწორობის აღდგენა შეძლო, მაგრამ კულიბალიმ მალევე, 70-ე წუთზე თავისი გუნდი წინ გაიყვანა. კაპიტნის გოლი საბოლოო აღმოჩნდა და სენეგალმა პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.