„საბურთალომ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის ერთ-ერთმა ყველაზე პერსპექტიულმა მოთამაშემ, გიორგი გოჩოლეიშვილმა დონეცკის „შახტართან“ კონტრაქტი გააფორმა და გუნდს იანვრის შეკრებაზე შეუერთდება.
„ჩვენი კლუბი მადლობას უხდის გიორგი გოჩოლეიშვილს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს კარიერის ახალ ეტაპზე. იგი ყოველთვის დარჩება „საბურთალოს“ დიდი ოჯახის წევრად“, – წერია „საბურთალოს“ განცხადებაში.
ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში გოჩოლეიშვილმა არაერთი კარგი მატჩი ჩაატარა. 17 ნოემბერს კი ფეხბურთელის კარიერაში ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა — მაროკოსთან ამხანაგური შეხვედრისთვის ვილი სანიოლმა გიორგი გოჩოლეიშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად მიიწვია და სადებიუტო მატჩი ჩაატარა.
უკრაინული წყაროების ცნობით, დონეცკის გუნდმა „საბურთალოს“ მილიონ ევრომდე გადაუხადა, კონტრაქტი კი 5 წლის ვადით გაფორმდება და 2027 წლამდე იმოქმედებს.