უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანში, საცხოვრებელ სექტორში „გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარებიდან ცეცხლი გახსნეს. მისივე ცნობით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი - დაშავდა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მტრის თავდასხმები ლუგანსკის და დონეცკის ოლქების ათ დასახლებაში მოიგერიეს და ასევე ზიანი მიაყენეს ოკუპანტების ავიაციას. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, გასული დღის განავლობაში რუსულმა ძალებმა უკრაინული ჯარების პოზიციებისა და დასახლებების წინააღმდეგ განახორციელეს 9 სარაკეტო და 13 საჰაერო დარტყმა, ასევე 50-ზე მეტი შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში, 3 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებს.