მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში ერთმანეთს განისა და სამხრეთ კორეის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. წაგების შემთხვევაში განის ნაკრები, პლეი ოფში გასვლის შანსს კარგავდა, რადგან აფრიკული გუნდი პირველ ტურში პორტუგალიასთან დამარცხდა. სამხრეთ კორეას კი განასთან მატჩამდე მხოლოდ ერთი ქულა ჰქონდა.
განამ თამაში აქტიურად დაიწყო, პირველ ტაიმში ორი გოლის გატანაც მოახერხა და შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდა. შესვენების შემდეგ კორეელებმა შეუტიეს და 58-ე წუთზე გუე-სუნ ჩომ სხვაობის შემცირება მოახერხა, სამ წუთში კი მანვე დუბლი შეასრულა.
68-ე წუთზე განის ნაკრებმა ფლანგიდან კარგი შეტევა წამოიწო, რომელიც კუდუსის გოლით დასრულდა და განის ნაკრები კიდევ ერთხელ დაწინაურდა.
კორეელები გოლის შემდეგ სრული ძალებით შეტევაში წავიდნენ და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, აფრიკელები რამდენჯერმე მეკარემ გადაარჩინა, ერთ ეპიზოდში კი მცველმა ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი.
საბოლოოდ, განამ მაინც მოახერხა თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა და ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა.
შეხვედრის მიწურულს, როდესაც სამხრეთ კორეა კუთხურის ჩასაწოდებლად ემზადებოდა, მსაჯმა შეხვედრა დაასრულა, რასაც აზიელთა მთავარი მწვრთნელის, პაოლო ბენტოს აგრესიული რეაქცია მოჰყვა, რის გამოც შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მას წითელი ბარათი უჩვენა.