რამდენიმე თვის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ვინი პუჰისა და მისი მეგობრების ისტორიის მიხედვით საშინელებათა ფილმს გადაიღებდნენ — გგონიათ, ჩვენი ბავშვობის დანგრევა ამით დასრულდა? არაფერიც! იმავე ფილმის შემქმნელები 2023 წლიდან ბემბის ისტორიის მიხედვით ახალი საშინელებათა ფილმით "გაგვანებივრებენ".
1942 წლის დისნეის ანიმაციაში ბემბის ისტორიამ ყველა ცხარე ცრემლით გვატირა. ახალ საშინელებათა ფილმში, სახელად Bambi: The Reckoning, "ბემბი საშინელი სიკვდილის მანქანა იქნება, რომელიც ველურ ბუნებაში დაძრწის".
ფილმზე მომუშავე გუნდის განცხადებით, მათი შთაგონების ერთ-ერთი წყარო ნეტფლიქსის საშინელებათა ფილმი The Ritual და ფილმის ურჩხულები გახდა, ამიტომ აშკარაა, რომ ახალ ნამუშევარში ბემბი საყვარელი შვლის ნუკრი აღარ იქნება.
ჯერჯერობით ახალი ფილმის შინაარსის შესახებ დეტალები ცნობილი არაა, ამიტომ ისღა დაგვრჩენია, ტრეილერს კანკალით დაველოდოთ.