უკრაინის ბირთვული ენერგიის სახელმწიფო კომპანიის „ენერგოატომის“ პრეზიდენტის, პეტრო კოტინის განაცხადებით, არსებობს ნიშნები იმისა, რომ რუსი ოკუპანტები შესაძლოა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად ემზადებიან.
„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოკუპანტები შესაძლოა, ემზადებოდნენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად. ბოლო დროს რუსულ მედიასაშუალებებში ბევრი ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება რუსებს მოუწიოთ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დატოვება და მისი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) კონტროლის ქვეშ გადაცემა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ოკუპანტები ბარგს ალაგებენ და ყველაფერს იპარავენ, რასაც ხედავენ“, - განაცხადა „ენერგოატომის“ პრეზიდენტმა.
ამასთან, კოტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ძალიან ადრეა იმის თქმა, რომ რუსული ძალები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ტოვებენ“, მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი „ემზადებიან“, რომ ასე მოიქცნენ.