დღეს, ტყვეების გაცვლის ფარგლებში, 12 უკრაინელი გათავისუფლდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, გათავისუფლებულია საზღვაო ძალების 4 მებრძოლი, ეროვნული გვარდიის ორი წევრი, ორი მესაზღვრე, უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების ერთი წევრი, ასევე სამი მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა.
„სახლში მიდიან მეომრები, რომლებიც იცავდნენ, მარიუპოლს, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს და კუნძულ „ზმეინს“, - წერს ერმაკი.
მისი თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ტყვეობიდან 98 უკრაინელი გათავისუფლდა.