საქართველოს მთავრობა ქვეყანაში არსებული ავტოსადგურების რეგულირებას და მათ ლიცენზირებას გეგმავს. ახალი ინიციატივის მიღების შემთხვევაში, საერთაშორისო და საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანები მკვეთრად რეგულირებადი სფერო გახდება. კერძოდ, როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, კანონპროექტის შედეგად განხორციელებული ცვლილებები ხელს შეუწყობს მგზავრთა გადაყვანის სფეროს გაჯანსაღებას. უზრუნველყოფილი იქნება ავტოსადგურების მხრიდან არაჯანსაღი კონკურენციის ფაქტების აღმოფხვრა, ავტოსატრანსპორტო პროცესის უსაფრთხოების ზრდა და მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. ცნობისთვის, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში ჯამში 24 საქალაქთაშორისო ავტოსადგურია, აქედან პირველი კლასის ავტოსადგური მხოლოდ სამია.