კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტურის ბოლო შეხვედრაში ბრაზილიის ნაკრებმა სერბეთს 2-0 მოუგო და გულშემატკივარს შესანიშნავი პერფომანსი აჩვენა. მატჩის პირველ ნახევარში ტიტეს გუნდს გოლის გატანის გარდა ყველაფერი გამოსდიოდა. შესანიშნავი შეტევებს, ხან მეკარე მილინკოვიჩი უმკლავდებოდა, ხანაც ბრაზილიელებს უბრალოდ არ უმართლებდათ. მეორე ნახევარში სამხრეთ ამერიკელებმა კიდევ უფრო მეტი უპირატესობა მოიპოვეს და მთლიან შეხვედრას ისინი აკონტროლებდნენ. ნეიმარი, ვინისიუსი, რაფინია, პაკეტა ინდივიდუალური თამაშით ცდილობდნენ მეტოქის საჯარიმოში შესვლას, ხოლო კაზემირო, დანილო, ალექს სანდრო შორეული დარტყმებით ემუქრებოდნენ სერბების კარს, საბოლოოდ კი მატჩის 62-ე წუთზე ნეიმარის კარგ თამაშს ვინისიუსის დარტყმა მოყვა, რომელსაც მეკარემ აჯობა, თუმცა დამატებაზე რიჩალისონმა ყველას დაასწრო და ანგარიში გახსნა. 11 წუთში კვლავ ვინისუსი აქტიურობდა ფლანგზე, მის გადაცემას კი რიჩარლისონმა ფენომენალური გოლი გაიტანა. ამის შემდეგ ტიტემ თამაშის საშუალება სათადარიგოთა სკამზე დარჩენილ ფეხბურთელებს მისცა და სწორედ მათმა აქტიურობამ შექმნა რამდენიმე სახიფათო მომენტი სერბეთის კართან, თუმცა შეხვედრაში მეტი გოლი აღარ გასულა და მატჩი ბრაზილიის გამარჯვებით 2-0 დასრულდა.