ვაშლის ექსპორტმა იკლო, ფასები კი ისევ მაღალია. EastFruit-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ქართული ვაშლის ექსპორტი წინა წლის მაჩვენებელს ჩამორჩება. წელს ქვეყანაში 130 ათასი ტონა მოსავალი მოვიდა, რაც რეკორდულ მაჩვენებლად ითვლება და დაახლოებით 80%-ზე მეტია წინა სეზონთან შედარებით. ამის მიუხედავად ფასები საბითუმო ბაზარზე არ მცირდება და ჯერ ისევ მაღალ დონეზეა, თუმცა უახლოეს მომავალში კლება მოსალოდნელია. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის ოქტომბერში საქართველოდან ექსპორტზე გავიდა 840 ტონა ვაშლი, რაც 14%-ით ნაკლებია, ვიდრე ერთი წლის წინ. იკლო ექსპორტის ღირებულებამაც - 630 ათასი დოლარიდან 550 ათას დოლარამდე. ქართული ვაშლი ექსპორტზე 100%-ით რუსეთში გადის. სააგენტო ისტ ფრიუიტი წერს, რომ ექსპორტის კლება ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან დაბალი მოთხოვნით არის განპირობებული. მიზეზი, რა თქმა უნდა, ომია უკრაინაში. რუსეთის ათასობით მოქალაქე საქართველოში გადავიდა, შესაბამისად, მოთხოვნამ ადგილობრივ ბაზარზე იმატა. კიდევ ერთი მიზეზი ესპორტის კლებისა არის სხვა ხილის კონკურენცია, რომელიც ამ დროისთვის მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნადია. რა თქმა უნდა, ეს კონკურენცია ყოველ წელს არსებობს, მაგრამ მოთხოვნის კლების გამო, ეფექტი მეტად მკვეთრად ჩანს. ქართული ვაშლის ექსპორტისთვის ხელსაყრელი პერიოდი თებერვალსა და მარტში დგება.