რეგიონში სამომხმარებლო ფასების ზრდის დონე ბოლო წლების უმაღლეს ნიშნულს იკავებს. ფასების ზრდის განსაკუთრებით მაღალი ტემპით თურქეთი გამოირჩევა, ხოლო შედარებით დაბალი ზრდა სომხეთშია. 2021 წელს თურქეთის შემდეგ ფასების სწრაფი ზრდით საქართველო გამოირჩეოდა, მაგრამ წელს ამ პოზიციას რუსეთი იკავებს და მას აზერბაიჯანი მიჰყვება. სექტემბრის მდგომარეობით, სამეზობლოში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი ორნიშნაა, გარდა სომხეთისა. თურქეთში ინფლაცია ბოლო რამდენიმე წელია მძიმე პრობლემაა. ჯერ კიდევ პანდემიამდე, 2019 წელს თურქეთში საშუალო წლიური ინფლაცია 15.5% იყო. რაც შეეხება სომხეთს, აქ შედარებით დაბალი ინფლაცია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგია. სექტემბერში სამეზობლოს ეკონომიკებიდან, გარდა რუსეთისა, ინფლაციის ტემპი გაიზარდა. რუსეთში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი უკვე მეხუთე თვეა მცირდება. საქართველოშიც ინფლაციის დონე ზედიზედ სამი თვე მცირდებოდა, მაგრამ სექტემბერში აღნიშნული 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. რაც შეეხება თურქეთს - ამ შემთხვევაში წინა პერიოდთან შედარებით ფასების ზრდის ტემპი 3.2 პროცენტული პუნქტით მაღალია.