რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტი განაახლა. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ოქტომბერში ქვეყანამ 5 მილიონ 981 ათასი დოლარის ღირებულების ელექტროენერგია იყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 14-ჯერ აღემატება.
გასული წლის ოქტომბერში საქართველომ მხოლოდ 414 ათასი დოლარის დენი შეიძინა. აღსანიშნავია, რომ წელს ოქტომბერში საქართველომ ელექტროენერგია თითქმის სრულა რუსეთში იყიდა - 5 მილიონი დოლარის ღირებულების და მხოლოდ 2 ათასი დოლარის ღირებულების ელექტროენერგია შევიძინეთ აზერბაიჯანში. რაც შეეხება ექსპორტს, წელს საქართველოდან საკმაოდ დიდი მოცულობის ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა, თუმცა მხოლოდ სექტემბრის ჩათვლით. ჯამში 2022 წლის 9 თვეში ქართული დენის ექსპორტმა 84 მილიონ 338 ათასი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 455,4%-ით მეტია.
თუმცა, უკვე მიმდინარე წლის ოქტომბერში, ელექტროენერგია არა თუ გავყიდეთ, არამედ ვიყიდეთ და ისიც საკმაოდ დიდი მოცულობით. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქვეყნის მთავარ ჰიდროელექტროსადგურში წყლის დონე საპროექტო მინიმუმს ჩამოსცდა და ზამთრის მარაგი მთლიანად ამოწურულია, გამორიცხული არ არის, რომ წელს ქვეყანას იმაზე მეტი ელექტროენერგიის ყიდვა დასჭირდეს, ვიდრე ენგურჰესის რებილიტაციის დროს.