ყვარელში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა წუხელ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში მოხდა. 40 წლამდე მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 25 წლამდე ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა.
მოკლული ახალგაზრდა გიგა არჯევნიშვილია. როგორც გარდაცვლილის მამა ამბობს, მკვლელობაში ბრალდებული მათი ნათესავია.
"შილდაში მომხდარა მკვლელობა. მკვლელი ბიცოლაჩემის ძმისშვილია. სხვა დროს კონფლიქტი არ ჰქონიათ, არ ვიცი დეტალურად რა გახდა მკვლელობის მიზეზი. ამბობენ, რომ ბრალდებული დაჭრილიაო, მაგრამ ეს ინფორმაცია ზუსტად არ ვიცი, მართალია თუ არა" - ამბობს მოკლულის მამა.
ენისელში მოკლულ გიგა არჯევანიშვილს დადებით პიროვნებად ახასიათებენ და ამბობენ, რომ ის უკონფლიქტო პიროვნება იყო. რაც შეეხება მომხდარის მოტივს, სოფელში ჯერჯერობით აღნიშნულზე ინფორმაცია არ აქვთ.
"ადგილზე დაიწყო კონფლიქტი, რა მოხდა ზუსტად არ ვიცი. ამბობენ, რომ შილდაში დაიწყო ჩხუბი. გიგა ძალიან კარგი ბავშვი იყო, კონფლიქტური არ ყოფილა. ჩემს ხელში იყო გაზრდილი. სოფელში ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით არ იციან" - ამბობს მოკლულის მეზობელი.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.