2022 წლის დასკვნით შეხვედრას "ბორჯღალოსნები" 19 ნოემბერს კარდიფში, „დრაკონების“ წინააღმდეგ გამართავს. „ფრინციფალითიზე“ საქართველოსა და უელსის მეოთხე დაპირისპირება თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.
"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა მომავალი შეხვედრისთვის უკვე დაასახელა სათამაშო შემადგენლობა. გასულ შაბათს სამოასთან მატჩის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ორი ცვლილებაა.
სამოასთან ტვინის შერყევა მიიღო და მომავალ თამაშს ტოვებს აკა ტაბუცაძე. მის ნაცვლად ძირითადში მირიან მოდებაძე დაწინაურდა. ხაზში ადგილი შეინარჩუნეს ვასილ ლობჟანიძემ, თედო აბჟანდაძემ, სანდრო თოდუამ, მერაბ შარიქაძემ, დემე თაფლაძემ და დავით ნინიაშვილმა.
უცვლელია შერკინების პირველი და მეორე ხაზი – გურამ გოგიჩაშვილი, გიორგი ჭყოიძე, გურამ პაპიძე, ნოდარ ჭეიშვილი და კოტე მიქაუტაძე. ერთი ცვლილებაა მესამე ხაზში. შერკინების შემკვრელად დაბრუნდა თორნიკე ჯალაღონია. შესაბამისად, ბექა გორგაძე და ბექა საღინაძე ფლანკერები იქნებიან.
უცვლელია პირველი და მეორე ხაზის მარქაფა – შალვა მამუკაშვილი, ნიკა აბულაძე, ალექსანდრე ქუნთელია და ლადო ჩაჩანიძე. მარქაფაში არიან ლუკა მატკავა და ლაშა ლომიძე, რომლებიც სამოასთანაც იყვნენ განაცხადში, თუმცა თამაშში ჩართვა არ მოუწიათ. ნოემბრის კამპანიაში პირველად ითამაშებენ სანდრო მამამთავრიშვილი და ლაშა ხმალაძე.
„ფრინციფალითიზე“ თამაშს იტალიელი არბიტრი, ანდრეა პიარდი განსჯის. მას კიდეებიდან ფრანგი პიერ ბროშე და იტალიელი ჯანლუკა გნეკი დაეხმარებიან, ხოლო ვიდეორეფერი ახალზელანდიელი ბრენდონ პიკერილია.
"ბორჯღალოსნები" კარდიფში კვირას, 13 ნოემბერს გაემგზავრებიან. მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად ტრავმებისა, გუნდი თამაშს მომზადებული ხვდება.